შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ექვსი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„1967 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ფ.ა.-ს, 1964 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ჯ.-ს, 1954 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1989 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს, 1982 წელს დაბადებულ ს.ფ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ედებათ ბრალი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში მდებარე სასტუმროების – „ჰოტელისა“ და „ტიტანიკის“ ნომრებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.