შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიმდინარე წლის 7 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი – 2001 წელს დაბადებული თ.ა. – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გარდა ამისა, სამართალდამცველების მიერ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირია დაკავებული.
აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.