შსს-მ ნივთმტკიცებად ამოღებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 400 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა, – ინფორმაციას და ვიდეომასალას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის 800 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე ოთხ მილიონ ლარზე მეტია.
„სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 996 გრამი კოკაინი, 288 გრამი ჰეროინი, 1402 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 1317 აბი, 55 გრამი და 173 აბი მეტადონი, 172 გრამი და 77 აბი „მდმა“, ასევე, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემების მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.