საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და მებაჟე ოფიცრებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ირანის ორი მოქალაქე: 1996 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1989 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედებათ.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ორივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 40 აბი “მეტადონი” და ნარკოტიკული საშუალება “კოდეინის” შემცველი 350 აბი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით.