შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ორი თანამშრომელი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,საქართველოს კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ეკრძალებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს – ნ.დ.-ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს – დ.გ.-ს, შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.
გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ნ.დ. და დ.გ. დათხოვნილი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.