შსს-მ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა [ვიდეო]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ცხრა პირი დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა.
მისივე თქმით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა და თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.
„დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ა.ბ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1986 წელს დაბადებული მ.ს., 2000 წელს დაბადებული ა.რ. და 2000 წელს დაბადებული ე.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ბორცვაძემ.
მისივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და ა.ბ.-მ ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია „ტელეგრამის“ მესენჯერში შექმნეს ჯგუფები – drug-shop-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმა „მატანგაზე“ – ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია.
„დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული – მ.ს. – აღნიშნული ჯგუფების ოპერატორი იყო და მის ფუნქციაში შედიოდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიში” ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. ბიო და ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რომლებიც განკუთვნილი იყო „ტელეგრამში“ არსებული ჯგუფების – drug-shop-ების მომხმარებლებზე გასასაღებლად. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორი პირი აღნიშნული “drug-shop”-ების ე.წ. დამდებია. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ სხვა ბრალდებულების მიერ გადაცემული ნარკოტიკების დაფასოება და სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსება ევალებოდათ, რაშიც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა ადგილზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ამ დროისთვის, პოლიცია კვლავ განაგრძობს ნარკოტიკების ამოღების პროცესს“, – განაცხადა ბორცვაძემ.
მისივე თქმით, გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ბ” პუნქტით და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
ბორცვაძის განცხადებით, შსს-მ ფონიჭალის დასახლებაში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამი ნარკორეალიზატორი დააკავა. პოლიციამ დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა განახორციელა.
„სამივე ნარკორეალიზატორს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კიდევ ერთი პირია დაკავებული ნარკოდანაშაულისთვის თბილისში. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 500 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და ოთხი შეკვრა „მდმა“ ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – განაცხადა ბორცვაძემ.