შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავა, მათ შორის ოთხი ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის ოთხი ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის დააკავეს: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული მ. მ., 1963 წელს დაბადებული გ.ჯ., 1983 წელს დაბადებული ნ.ქ., ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის არიან დაკავებული: 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ა., 1983 წელს დაბადებული ე.მ. და 1979 წელს დაბადებული ნ. ა.
„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.რ. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინის“, „ალფა პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული თ.რ.-ის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.
პოლიციამ, ნ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებულია პოლიეთილენის 2 პარკში შეფუთული, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე, 8 საბრძოლო ვაზნა და სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული – 1800 აშშ დოლარი და 1700 ლარი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული ე. მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია „ჰეროინის“ შემცველი 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება.
შ. ა.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია სხვადასხვა ზომის 9 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.