შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე – 1997 წელს დაბადებული მ.კ. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად 13 შეკვრად დაფასოებული, 600 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.ა. იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმის პარკში შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 480 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული მ.რ. დააკავეს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – “ბუპრენორფინის” შემცველი 130 აბი “სუბოტექსი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.