შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რის შედეგადაც, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
„სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, ჯამში, ნახევარ კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, მათ შორის: 589,86 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 191 აბი „სუბოქსინი“, 18 აბი „მდმა“, 437 აბი „ექსტაზი“, 179 აბი „ბუპრენორფინი“, 10 აბი „მეტადონი“, 1 შეკვრა ოპიუმი და სხვა. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათ შორის – 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის, უცხო ქვეყნის 8 მოქალაქეა.
მათ მიერ სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე დააკავეს.
პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 427 აბი „ექსტაზი“.
სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დააკავეს მათთან კავშირში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქე და უზბეკეთის 1 მოქალაქე, რომელთა პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 164 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვის ნარკორეალიზატორებს და ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკის გავრცელება“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.