შსს-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შსს-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი: 2003 წელს დაბადებული ა.ბ., ამავე წელს დაბადებული გ.ო. და 2002 წელს დაბადებული ე.კ. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.ბ.-მ მიმდინარე წლის 12 აპრილს მარნეული-სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა. გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოცურდა და გადაბრუნდა. ა.ბ.-მ და ავტომობილში მასთან ერთად მყოფმა პირებმა – გ.ო.-მ და ე.კ.-მ სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი. ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში შეუშალეს ხელი და მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ მალევე დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.