საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კირბალთან მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უწყებამ გამოძიება მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.