შსს-მ გორში პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ.ს.-სგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის – დ.ს.-ს დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს“, – აცხადებენ შსს-ში.