შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ღ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, „აფხაზეთის განათლების ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1999 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს, მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ, თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული ბ.ღ. პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.