შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ა., მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ მ.ლ.-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.

„სამართალდამცველებმა მ.ა. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.