შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, დაბა ურეკში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 132 აბი „სუბოქსინი“, 21 აბი „ექსტაზი“, 3,2 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მორფინის მარილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას დ.ს. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.