შსს-მ გამოძიებისას მოპოვებული ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მსვლელობისას მოპოვებული მისი გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.
„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 საათზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს. 15:31 საათზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 საათზე.
აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 საათზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 საათზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში.
მისი დაბრუნების კადრები, ასევე ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ გარე ვიდეო-სამეთვალყურეო მოწყობილობებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს. გრძელდება ყველა იმ პირის გამოკითხვა და იმ ტექნიკური საშუალებების დათვალიერება, რომელიც შესაძლოა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას ინახავდეს.
მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს.
შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჭელიძემ.