შსს-მ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ფ.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 3,1204 გრამი ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 13 აბი და ექვსი ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.