შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუში“ სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად, დაშავდა სამი ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.