შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვისა და იარაღის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1988 წელს დაბადებული გ.კ. ძარცვის, ასევე, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან გამოძალვის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, გ.კ.-მ სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში ერთ-ერთ მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანა გასტაცა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, განყოფილების მორიგისთვის იარაღის გამოძალვა სცადა.
„სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. გ.კ.-მ საპატრულო პოლიციის განყოფილებიდან გაქცევა მოახერხა. პოლიციელებმა ბრალდებული მიმალვის მცდელობისას, სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.
სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომანქანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება ძარცვის, ასევე, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.