შსს-მ ბოლო ერთ კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთ კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის დავით ლაცაბიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. მისი თქმით, პოლიციის მხრიდან კრიმინალთან აქტიური ბრძოლა გრძელდება.
„სამართალდამცველებმა ირანის რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე თბილისში დააკავეს, მათგან 1,5 კგ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და დიდი ოდენობით ,,მეტადონი“ ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალება ირანიდან საქართველოში შემოიტანეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 13 პირი მათ შორის – 6 ნარკორეალიზატორი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდიდნენ. მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის და დაკავების მიზნით თბილისში, ფონიჭალაში, გარდაბანსა და მარნეულში ჩატარდა სპეციალური ოპერაციები.
პოლიციის მიერ სულ ამოღებულია, 1,5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, 81 აბი „მდმა“, 50 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამინისტროს მიზანია დროულად აღიკვეთოს ნარკოტიკის გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.