შსს-მ ბოლო ერთ კვირაში ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ირანის რესპუბლიკის ხუთი და საქართველოს ორი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 15 პირი დააკავეს.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია უკრაინის მოქალაქე 1989 წელს დაბადებული ი.ი. რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები: კოკაინი, კეტამინი და ამფეტამინი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი „სუბოქსინი“ და 5 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი“ ამოიღო.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ნარკოტიკოდანაშაულისათვის დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. ორივე მათგანისგან ამოღებულია რვა შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება: 700 გრამამდე „ჰეროინი“.
ამასთან, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დაკავებულია ორი პირი. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკები: 25 აბი „ექსტაზი“, ასევე, „ამფეტამინი“, „მდმა“ და LSD.
შსს-ს ინფორმაციით, ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. პოლიციამ დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ საკონტროლოდ შეისყიდა. სამართალდამცველებმა, ორთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი იანვრიდან დღემდე, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 99 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ქვეყანაში დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ცდილობდნენ.