შსს-მ ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აფეთქების მიზეზების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
„შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები. ასევე, ადგილზე მუშაობენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები, მათ შორის სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერექსპერტი. აფეთქების მიზეზების დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ხოლო ერთი – მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.