სამართალდამცველებმა ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ლითონის კასრში ნაპოვნი მამაკაცის დამწვარი ცხედრის საქმე გახსნეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ა.ტ.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„2018 წლის მაისში, ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ლითონის კასრში ნაპოვნი იქნა მამაკაცის დამწვარი ცხედარი. ბიოლოგიური ექსპერტიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა გარდაცვლილი პირის ვინაობის დადგენა – იგი 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. აღმოჩნდა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ა.ტ.-მ 2018 წლის მაისში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი – ნ. ქ. მოკლა. ბრალდებულმა ცხედარი, დანაშაულის დაფარვისა და კვალის წაშლის მიზნით, ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ა.ტ.-მ ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.