შსს-მ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა, გამოძიება დაიწყო
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელში გამთენიისას უცნობი პირი, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შეიპარა.
არსებული ინფორმაციით, სახლის მეპატრონემ, 51 წლის მამაკაცმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც უცნობმა პირმა მას თავში ბლაგვი საგანი რამდენჯერმე ჩაარტყა.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით, მას სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება, თავის ტვინი კი დაზიანებული არ არის, მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. ჯერჯერობით უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.