შსს-მ ბათუმში ბოლო ერთ კვირაში ქურდობის შვიდი ფაქტი გახსნა, ხოლო ერთი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ქურდობის შვიდი ფაქტი გახსნეს, ხოლო ერთი ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია ორი პირი. უწყების ცნობით, 1988 წელს დაბადებული გ.ი. და 1990 წელს დაბადებული ვ.კ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან ორი მაგნიტოფონი, ორი ტელევიზორი, ვიდეორეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთი და პლასტიკური ბარათები მოიპარეს, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ ორ გარე ვიდეოსათვალთვალო კამერას. ერთ-ერთმა დაკავებულმა ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედი მოიპარა. მას ასევე ბრალი ედება მოქალაქის კუთვნილი ლეპტოპის ქურდობაში.
მეორე ბრალდებული კი, შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ველოსიპედის მოპარვას ცდილობდა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე და 19-177-ე მუხლებით.