შსს-მ ბათუმში ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავების და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
უწყების ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, მედიკოსების პირველადი ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქარმა ასევე დააზიანა შენობა-ნაგებობების სახურავები და საცხოვრებელი სახლების შუშები.
„დღის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 40 შეტყობინება. ყველა შემთხვევაზე პოლიციის თანამშრომლებმა და მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების გამაგრების და ქარისგან წაქცეული ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდითი სამუშაოები.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა მოქალაქეების დაშავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე (სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა) და 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მუხლებით დაიწყო. რაც შეეხება ავტომობილების დაზიანების ფაქტებს – გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.
ბათუმში, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო მოძრაობას არეგულირებენ. მოქალაქეთა უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველსაყოფად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის და ქვეითთა მოძრაობა შეზღუდულია“, – აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ სამაშველო, პრევენციულ და საგამოძიებო ღონისძიებებს.