ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან – თ.ბ.-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა.
თ.ბ.-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავა.
მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თაკო გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანეს. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.
მკვლელობისთის დაკავებული პირი, შსს ინფორმაციით, ადრე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს