შსს-მ აჭარაში ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემა გამოავლინა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ნ.მ. ბათუმში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე, სამალავებში ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდა და აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდა, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდა.
„პოლიციამ დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 34 შეკვრად დაფასოებული სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება, 326 აშშ დოლარი, მწებავი ლენტები და მცირე ზომის 2 სასწორი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა, ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმში, ათეულობით მისამართიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.