შსს-მ აბაშაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შსს-მ აბაშაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1977 წელს დაბადებული ნ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული რ.გ., დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

შსს-ს ცნობით, ნ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის დაფარვა კი ისჯება ჯარიმით ან 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

„2017 წლის 31 დეკემბერს პოლიციას 1989 წელს დაბადებული ი.კ.-ს გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა შეატყობინა. დაკარგულ პირთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონულ სამმართველოში შეიქმნა ძებნის საქმე და გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). პარალელურად, მიმდინარეობდა გაუჩინარებული პირის ინტენსიური ძებნის ღონისძიებები. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ტ.-მ 2017 წლის 31 დეკემბერს აბაშაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – ი.კ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნ.ტ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე რიონში გადააგდო.

აღნიშნულ ფაქტს შეესწრო და ნ.ტ.-ს დახმარება გაუწია რ.გ-მ., რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნ.ტ. აბაშაში, ხოლო რ.გ. ზუგდიდში დააკავეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი სანადირო თოფი – ნივთმტკიცებად ამოიღო. ამ დროისთვის, ი.კ.-ს ცხედრის ძებნის ღონისძიებები გრძელდება. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლით)“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.