შსს-მ მძიმე ბორჯომში 24 წლის განმავლობაში ძებნილი 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირი 1994 წლიდან ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევისთვის იძებნებოდა.
„ვ.კ.-ს 1994 წლის 6 ივლისს, პროკურორის სანქციით, აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე წლის 16 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის პერიოდში, იგი ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სხვა პირებთან ერთად გაიქცა, რისთვისაც მასზე ძებნა გამოცხადდა.
2008 წელს ახალციხის სასამართლოს განაჩენით მის მიმართ შეწყდა საქმე სსკ-ს 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ძარცვა) ჩადენისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან ბრალდებულის ან მსჯავრდებულის გაქცევა) 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ამ დროისთვის, დაკავებული გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.