შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებული დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 30 დეკემბერს მიიღო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს. შსს-ში აცხადებენ, რომ ეს დასკვნა დაერთო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.
ამასთან, შსს ავრცელებს სამხარაულის ბიუროს დასკვნის ასლსაც, რომელსაც ხელს აწერს ექსპერტიზის ბიუროს შვიდი ექსპერტი, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.
„სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქალაქე ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინფექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში)“, – აღნიშნულია დასკვნაში.
ამავე დასკვნის მიხედვით, 2021 წლის 5 ივლისს მიღებული დაზიანებები „ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან“.