შსს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ექიმის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ექიმის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.