შსს - იუსტიციის სახლთან დღეს დაკავებულ არასრულწლოვანს გამოძიება 80-მდე სხვადასხვა ქურდობაში მონაწილეობას ედავება
შსს - იუსტიციის სახლთან დღეს დაკავებულ არასრულწლოვანს გამოძიება 80-მდე სხვადასხვა ქურდობაში მონაწილეობას ედავება

იუსტიციის სახლთან დღეს დაკავებულ არასრულწლოვანს გამოძიება 80-მდე სხვადასხვა ქურდობაში მონაწილეობას ედავება, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანი დღეს, იუსტიციის სახლთან “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

„მიმდინარე წლის 3 ივლისს, სს “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, პოლიციის თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული მ.ბ. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ქურდობასთან დაკავშირებით, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ქურდობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი სწორედ 14 წლის ასაკს მიღწეული მ.ბ. იყო.

აღსანიშნავია, რომ მ.ბ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის მიღწევამდე 80-მდე ქურდობის ფაქტში იღებდა მონაწილეობას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონის შესაბამისად, მას ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრა.

ამ უკანასკნელი ქურდობის დროს, რომელშიც მ.ბ. იმხილება, ის უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული იყო, რის გამოც იგი შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, პოლიციის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.

პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მოყვანა დაუყოვნებლივ იქნა უზრუნველყოფილი, თუმცა მან არასრულწლოვნის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განცხადა და ორივე მათგანმა პოლიციის განყოფილება დატოვა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.