შსს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე 18 ივლისს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მიმდინარე წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება.
უწყების ცნობით, გრიგოლ ვაშაძე სამართალდამცველების კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რაზეც მან უარი განაცხადა. ვაშაძის გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისს მოვლენებზე ინფორმაციას გამომძიებლებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიაწვდის“, – აცხადებენ შსს-ში.
ამასთან, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისათვის აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა.