შსს - ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისია დაასრულეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ.
„საქართველოში დაბრუნებულ მაშველებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, რომლებმაც სამაშველო ჯგუფის წევრებს თურქეთში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ქართველ მაშველთა ნაწილი, სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით, სახმელეთო გზით დაბრუნდება სამშობლოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, ქალაქ ადიამანში სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ, როტაციის შემდეგ კი ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში განაგრძეს სამაშველო ოპერაცია.
საერთო ჯამში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 200-მდე მაშველი მონაწილეობდა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.