შსს გორში სამართალდამცველის სამსახურებრივი მანქანის გატაცების ფაქტზე დაკავებული პირის საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს
შსს გორში სამართალდამცველის სამსახურებრივი მანქანის გატაცების ფაქტზე დაკავებული პირის საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში რომ იმყოფებოდა, ამას გამოძიების მიერ გამოკითხული მოწმეებიც ადასტურებენ.
„10 ივნისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩაქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 02:09 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ გატაცებულ ავტომანქანას 2001 წელს დაბადებული, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი კ.წ. მართავდა. მასთან ერთად, ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
ის, რომ ამჟამად დაკავებული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, გამოძიების მიერ გამოკითხული მოწმეებიც ადასტურებენ. მათ შორის ისინი, ვის ავტომანქანასაც კ.წ. შეეჯახა და ამის შემდეგ არასრულწლოვანს გატაცებული მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარნენ“, – აღნიშნავენ შსს-ში.
უწყების ცნობით, კ.წ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.
„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და მისი დაკავება მომხდარიდან 12 საათის გასვლის შემდეგ განხორციელდა.
ბრალდებულმა უარი განაცხადა ყველა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე და შესაბამისად, არ არსებობს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გახმაურებული იმ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც არასრულწლოვნის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა უნდა დაედგინა. კ.წ.-ს ჩაუტარდა მხოლოდ ალკოტესტი, რომელმაც გარკვეული დროის გასვლის გამო, ალკოჰოლური თრობა ვეღარ დააფიქსირა“, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-მ არასრულწლოვანი ორი დღის წინ დააკავა. შსს-ს ცნობით, 10 ივნისს, გამთენისაას გორში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა, კ.წ.-მ ისარგებლა შექმნილი გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა.