შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გახსნილ ბოლო დროს მომხდარ დანაშაულებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გავხსენით.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული – თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236 -ე მუხლით. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა მან.
მამუკა ჭელიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას.
„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დაახლოებით ორი კვირის წინ სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობისათვის დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს.
ამჯერად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთი არის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „დობო“. პოლიციამ იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე დააკავა. ხოლო მეორე კრიმინალური ავტორიტეტი გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის ზონაში, იმ დროს დააკავეს, როცა იგი ქვეყნის დატოვებას და მიმალვას აპირებდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს, დიდი ოდენობით თანხა და უძრავი ქონება გამოსძალეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომლებშიც ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.
ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“: ეგრეთ წოდებულ „ნოდარ გლდანსკი“, „მაღალოსთან“, „პეწოსთან“, „დათო სურგუცკისთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით“, – აღნიშნა მან.
მამუკა ჭელიძის თქმით, როგორც უკვე ცნობილია, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს, კერძოდ, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა დასჯადი გახდება. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში შევა“, – აღნიშნა მან.
მამუკა ჭელიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლაა.
„ჩვენი მიზანია დროულად აღიკვეთოს მისი გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული.
დღეს, რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა “კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის” ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ, დაკავებულის მიერ გაყიდული ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატ „ლირიკა“-ს 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ პირველიდან ხუთი თებერვლის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი მათ შორის 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი „სუბოქსინი“ და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აგრძელებს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მონიტორინგს. ერთობლივი მუშაობის შედეგად დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.
შსს გახსნილი დანაშაულების შესახებ ვიდეომასალასაც ავრცელებს.