შსს - გადატვირთული მოძრაობის გამო, საპატრულო პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მიმართულებით გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საავტომობილო ნაკადის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, საპატრულო პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, დასავლეთიდან თბილისისკენ მოძრავი საავტომობილო ნაკადის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია:
თბილისი-სენაკი-ლესელიძის 27-ე კილომეტრზე (აღნიშნულ მონაკვეთზე სტეფანწმინდიდან და დასავლეთ საქართველოდან მომავალი ნაკადები ერთმანეთს უერთდება); თბილისი-სენაკი-ლესელიძის 135-დან 130-ე კილომეტრამდე (კერძოდ, ქალაქ ხაშურთან და დაბა სურამთან).
ასევე შეფერხებულია მოძრაობა კახეთიდან თბილისის მიმართულებით.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.