შსს - ექსპერტიზის დასკვნით, ჩანაწერი, „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ, ერთ-ერთ ბანკში მის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მიიღო ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები და ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. 2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.