შსს - დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების შეზღუდვას ითხოვდა, გამოძიება არ დაწყებულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების შეზღუდვის თაობაზე ყოფილი დეპუტატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა.
„მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია“,- აცხადებენ შსს-ში.
ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ კინოთეატრ „ამირანთან“ 8 ნოემბერს საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, კინოფილმის აფიშაზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“, არ არის დატანილი, რომ ფილმის ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაშვებული არ არის.