შსს - დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც გორში სამართალდამცველის სამსახურებრივი მანქანის გატაცება სცადა
შსს - დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც გორში სამართალდამცველის სამსახურებრივი მანქანის გატაცება სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული კ.წ. ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დღეს, გამთენისაას გორში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა, კ.წ.-მ ისარგებლა შექმნილი გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა.

კ.წ.-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“,- აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღების მიზნით, ადგილზე მივიდა შიდა ქართლის ადგილობრივი მედიასაშუალების, qartli.ge-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შემთხვევის ადგილის დატოვება მოსთხოვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.