შსს და ჯანდაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას შეუერთდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ძალადობაგამოვლილ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
„შეხვედრაზე იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ძალადობაგამოვლილ ქალებს აქვთ. ასევე, გაუზიარეს სახელმწიფო მხარდამჭერი სერვისების შესახებ ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილე პირებს ინფორმაცია მიეწოდათ მათი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ნაბიჯებზე. ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ, ხოლო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თაობაზე გაამახვილა ყურადღება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საინფორმაციო შეხვედრა ძალადობაგამოვლილ ქალებთან გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.