შსს - აქციის ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციელთა მოთხოვნებს, მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება მოუწოდებს შეკრებილებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ფარგლებს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონპროექტის განხილვის პარალელურად მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია განცხადებაში.