შსს - აქციის ორგანიზატორებისთვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში
აქციის ორგანიზატორებისთვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ პარლამენტის შესასვლელების გათავისუფლება და გზის გახსნა არ მოხდება, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები.
„უკვე მეორე დღეა, პარლამენტთან შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. გარდა ამისა, პოლიტიკური ლიდერები განაგრძობდნენ მხარდამჭერების ღიად მოწოდებას საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.
შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად, ასევე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლებისა და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლება, ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნა არ მოხდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს.
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე – ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე და რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, შეუძლიათ გადაადგილდნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით“, – აღნიშნავენ შსს-ში.