შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაციების „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები.
აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტი ჩავარდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს.