შსს - ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე ექსპერტ-კრიმინალისტს, პირველადი ინფორმაციით, დენმა დაარტყა, მისი მდგომარეობა მძიმეა
ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელიც გაზგასამართ სადგურზე დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, პირველადი ინფორმაციით, დენმა დაარტყა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.