შსს აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, სამართალდამცველებს დაჭრილი -1979 წელს დაბადებული ლ.ნ. დახვდათ, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი ლ.ნ. საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით – 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამ დროისთვის, დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.