შსს მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანსიაზე განცხადებების მიღებას აცხადებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან აცხადებს განცხადებების მიღებას მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანსიაზე.
უწყების ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება.
ასევე, დღეიდან, ფუნქციონირებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. მისი მეშვეობით მოხდება მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განცხადებების მიღება.
ამასთანავე, ხსენებული ვებგვერდის გამოყენებით მოქალაქეებს შეეძლებათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია.
გარდა ამისა, იწყება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის საინფორმაციო კამპანია. მედიაში განთავსდება სარეკლამო ვიდეორგოლი, ხოლო უახლოეს კვირებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო ღია კარის დღე გაიმართება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, უშუალო კომუნიკაციის ფორმით, დეტალური ინფორმაცია მიიღოს მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიის, მისი ფუნქცია-მოვალეობების, სამუშაო პირობების და სხვა საკითხების შესახებ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების პროცესი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია კრიმინალური პოლიციის რეფორმა. სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა და რეაქტიული მიდგომის ეტაპობრივი ჩანაცვლება პროაქტიული მიდგომით. ასევე, პოლიციასთან ერთად, საზოგადოების ორიენტირება უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე, დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.
„მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.
მართლწესრიგის ოფიცერი არის პოლიციელი, რომელიც ორიენტირებულია სხვა საპოლიციო დანაყოფებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობით იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოს მართლწესრიგი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოქალაქეებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო პრობლემების გადაწყვეტაში.
ეს ინსტიტუტი პირველ ეტაპზე თბილისში, საპილოტე რეჟიმში დაინერგება, სადაც 365 მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად დაიწყებს მუშაობას.
შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამის მომზადების კურსს გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც, ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით. პერმანენტული მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, იგეგმება ინსტიტუტის შემდგომი გაფართოება ქვეყნის მასშტაბითაც.
მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელშიც არსებითია საზოგადოების ჩართულობა. შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცერი იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და ჩამოყალიბდეს მეტი ნდობა, რაც დანაშაულის პრევენციისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, არა მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული კვლევა და სწორედ ხსენებული მიზეზების გადაჭრა, რაც დანაშაულის პრევენციის აუცილებელი პირობაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, ვაკანსიების გამოცხადებით, ამ პოზიციაზე მოიზიდოს ახალი კადრები, მოტივირებული, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ემსახურონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.