შსს - 21 აპრილს 112-ზე შემოსული ზარების 65 პროცენტი იყო არამიზნობრივი, გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია
შსს - 21 აპრილს 112-ზე შემოსული ზარების 65 პროცენტი იყო არამიზნობრივი, გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია

გთხოვთ, მიეცით 112-ზე დაკავშირების საშუალება მათ, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნარის აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს – 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ეგრეთ წოდებული დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია 112-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები.

„21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 16 908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65% იყო არამიზნობრივი ხასიათის. დღეს, 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4 966 ზარი. შემოსული ზარების 63%, ასევე, არის არამიზნობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს.

მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ 112-თან დაკავშირებას.

გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია“, – აცხადებენ შსს-ში.