შსს 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც უწყების 2023 წლის ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი იზრდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდის მიმართულებით, ასევე, სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების განვითარებისთვის.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობასთან კოორდინაციით, პოლიციელებისთვის 1 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის და გაზრდილი საბიუჯეტო სახსრები ამ მიმართულებითაც გადანაწილდება. სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ასევე გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მომატებული სახანძრო რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, 2022 და 2023 წლების საბიუჯეტო სახსრებით განსაზღვრულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალური აღჭურვილობის სამი ვერტმფრენის შეძენა, რომლებიც განკუთვნილი იქნება ძებნა-გადარჩენის, ხანძრის ქრობის, საპოლიციო ოპერაციებისთვის. ამასთანავე, გათვალისწინებულია სახანძრო-სამაშველო, მაღალი გამავლობის 30 სპეციალური ავტოტრანსპორტის შეძენა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების 20 პროცენტით გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.